Wednesday, May 16, 2012

ქართული თეატრი


     საქართველოში ოდითგანვე არსებობდა მდიდარი თეატრალური კულტურა, რასაც ადასტურებს არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ნივთები. მაგალითად, ძვ. წ. აღ. II ათასწლეულის ვერცხლის თასზე გამოსახულია ნიღბოსანთა ფერხული, კოლხურ მონეტებსა და ქართლის მონეტებზე კი – მოცეკვავე ხარის ნიღბით. მსგავსი გამოსახულებები გვხვდება მინიატურებზე, ხელნაწერებში, ჭედური ხელოვნების ნიმუშებზე.

     აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისში არსებობდა თეატრონი, სადაც ასრულებდნენ „რუსთაველისა და თეიმურაზის გაბაასებას“.
     ძველ ქართულ ხალხურ სანახაობათა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ნიღბოსანთა თეატრი – ბერიკაობა. ბერიკები თაობათა მიერ დამუშავებული და თაობიდან თაობაზე გადაცემული სცენარების მიხედვით ქმნიდნენ „სპექტაკლებს“, თუმცა მთელ რიგ სცენებს უშუალოდ სპექტაკლის მსვლელობისას თხზავდნენ.
      არსებობდა ხალხური თეატრის კიდევ ერთი სახეობა – ყეენობა. ეს იყო დიდი სახალხო სანახაობა, საკარნავალო დღესასწაული, რომელიც ასახავდა ქართველი ხალხის ბრძოლას უცხოელ დამპყრობელთა წინააღმდეგ. ყეენობაში მონაწილებას მთელი ხალხი იღებდა.
     XVII საუკუნეში აღორძინდა სასკოლო-საეკლესიო თეატრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა თელავის სემინარიის ლექტორი დავით ალექსი-მესხიშვილი. სასკოლო თეატრში კითხულობდნენ ლექსებს, დგამდნენ სხვადასხვა ნაწარმოებებს. ასეთი თეატრი სასულიერო სასწავლებლებთან არსებობდა. მათთვის იწერებოდა საგანგებო, რელიგიური შინაარსის სასკოლო დრამები6.

       XVIII საუკუნეში ერეკლე მეორის კარზე შეიქმნა საერო თეატრი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა გიორგი ავალიშვილი. თეატრის დასი წარჩინებული, განათლებული, წიგნიერი ადამიანებისაგან შედგებოდა  
        1850 წელს ქართველ საზოგადო მოღვაწეთა დახმარებით მსახიობმა გიორგი ერისთავმა დააარსა ქართული თეატრი. პირველი წარმოდგენა – გიორგი ერისთავის „გაყრა“ თბილისის კლასიკური გიმნაზიის შენობაში გაიმართა 14 იანვარს, ამიტომ ეს დღე ქართული თეატრის დღედ არის მიჩნეული.
          ქართული პროფესიული თეატრი თბილისში აღდგა 1879 წელს და მალე მნიშვნელოვან წარმატებასაც მიაღწია. სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდნენ შესანიშნავი მსახიობები: უშანგი ჩხეიძე, აკაკი ვასაძე, აკაკი ხორავა, ვერიკო ანჯაფარიძე, სესილია თაყაიშვილი და სხვა მრავალი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ქართველ რეჟისორთა სახელები, რომელთა წყალობითაც გაიფურჩქნა ქართული თეატრი: კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი.
          ჩვენი წინაპრები ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის 70-იანი წლებიდან ფიქრობდნენ საბავშო თეატრის შექმნას. 1871 წელს დ. შალიკაშვილის სახლში დაიდგა ორი წარმოდგენა ბავშვებისათვის. მიუხედავად მცდელობისა, საბავშვო თეატრი 1928 წლამდე ვერ გაიხსნა. 1928 წლის 16 დეკემბერს კი თბილისის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო ქართულმა თეატრმა პირველი მაყურებელი მიიღო. საბავშვო თეატრის წინა საფეხურად სასკოლო თეატრი მიიჩნევა.


წყარო: “საუბრები ხელოვნებაზე”
გამომცემლობა– ''მერიდიანი''

     

No comments:

Post a Comment